ბიზნესოპერატორების საყურადღებოდ - მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის განცხადება
/ განცხადებები
,,საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმება ქვეყანას კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს ქიმიური ნივთიერებების მართვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ქიმიური ნივთიერებების მართვას დიდი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების, ადამიანის ჯანმრელობისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.
ქვეყნის მასშტაბით მოქმედი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღიარება ხდება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N590 დადგენილების - ,,იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“, შესაბამისად. ამ დადგენილების თანახმად, სარეალიზაციო ობიექტში პესტიციდების/აგროქიმიკატების გამყიდველს/კონსულტანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვა ან აგრონომიული განათლება) ან სპეციალური მომზადება (აგრონომიული საფუძვლების, გარემოსდაცვითი და სანიტარული წესებისა და ნორმების ცოდნა). ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან დადებული შეთანხმების - "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" - და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გეგმის შესაბამისად, 2021 წლის 13 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება N215 „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ (ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის #2009/128/EC რეგულაციის „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად თანამეგობრობის მოქმედებათა ჩარჩოების ჩამოყალიბება“ შესაბამისად). ნორმატიულ დოკუმენტში ასახულია პესტიციდებთან მოპყრობის და გამოყენების ზოგადი სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ნივთიერებებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხო მიწოდებასა და გამოყენებას. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრენინგებს პესტიციდების დისტრიბუტორების, კონსულტანტების და პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, რათა მათ, ვინც მოიხმარს პესტიციდებს, კარგად იცოდნენ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის პოტენციური რისკები და შესაბამისი ზომები, რომლებიც რაც შეიძლება მეტად შეამცირებს ამ რისკებს.
საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები აისახა საქართველოს მთავრობის 451-ე დადგენილებაში, ტექნიკურ რეგლამენტში ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დამტკიცების“ შესახებ, რეგლამენტი შემუშვებულია პესტციდების უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად; იგი ადგენს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების დროს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, შრომის, საწარმოო და სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ პირობებს. აწესებს მოთხოვნებს პესტიციდების და აგროქიმიკატების სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებისათვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ასეთი საგანმანათლებლო პროგრამა ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის კონსულტანტი" შეიმუშავა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან განხორციელების უფლება მიიღო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა ,,აგროსერვისმა“. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.
პროგრამის მიზანია, გადაამზადოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებულ სარეალიზაციო ქსელში მომუშავე პერსონალი ან პირი, რომელსაც სურვილი აქვს დასაქმდეს მსგავს დაწესებულებაში, მისცეს მას ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ყველა შესაბამის მოთხოვნას.
გადამზადებული კადრი შეძლებს: განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და გამოყენება, გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე; კანონის დაცვით მოაწყოს სარეალიზაციო ობიექტები, გასცეს კვალიფიციური კონსულტაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორი და უსაფრთხო გამოყენების შესახებ მცენარეთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
აღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ აიპ ,, აგროსერვისს“.
საკონტაქტო პირი:
მაია ალექსიძე - 595075250