საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის N149 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის“ თანახმად, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი, რომელიც გადაწყვეტს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობას, კერძოდ, სურსათის ბანკისთვის სურსათის შეწირულობის გაცემას ან/და სურსათის ბანკში შეწირული სურსათის საქველმოქმედო მიზნებისთვის მიღებას, შენახვასა და ბენეფიციარებისთვის (სამიზნე პირებისთვის) გადაცემას, დადგენილი წესით უნდა გაიაროს ავტორიზაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ავტორიზაციის მინიჭებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და პროცედურები:
1. ავტორიზაციის მინიჭებისათვის ავტორიზაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს;
2. განაცხადისა და სრულყოფილი დოკუმენტების წარდგენიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტო ახორციელებს ავტორიზაციის მაძიებლის ინსპექტირებას და სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით, ანიჭებს ავტორიზაციას;
3. ავტორიზებულ პირს სააგენტო ანიჭებს ხუთნიშნა ნომერს, რომელშიც:
ა) პირველ ორ სიმბოლოს წარმოადგენს FS ან FR, სადაც:
ა.ა) FS (Food supplier) აღნიშნავს სურსათის შეწირულობის გამცემ პირს – ბიზნესოპერატორს, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას და რომელიც ახდენს სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისათვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას;
ა.ბ) FR (Food recipient) აღნიშნავს შეწირული სურსათის მიმღებ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს, რომელიც ახდენს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისათვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემას ან შეწირულობის სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და გადანაწილებას;
ბ) ბოლო სამი ციფრი აღნიშნავს ნომერს, რომელიც მას ენიჭება სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირების რიგითობის მიხედვით, რომელიც იწყება 001-ით.
4. ავტორიზებული პირების შესახებ მონაცემები შეიტანება შესაბამის რეესტრში, რომელსაც აწარმოებს და ანახლებს სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის სურსათით ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების სამმართველო.