სეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს HACCP-ის პრინციპებს აცნობს
/ სააგენტოს სიახლე
მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.
აღნიშნული რეგულაციის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ბიზნესსექტორის ინფორმირებას.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ, ბიზნესოპერატორებს ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები.
მონაწილეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს დაგეგმილი ცვლილებები და აღინიშნა, რომ ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით პერმანენტულად გაიმართება.
HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ; 2021 წლის 1 იანვრიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი), 2021 წლის 1 ივნისიდან კი ანალოგიური ვალდებულება დაეკისრება ბიზნესოპერატორს, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებს სურსათის წარმოებას/გადამუშავებას.
HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. მას ნერგავს და მართავს თავად ბიზნესოპერატორი. სისტემა 7 ძირითად პრინციპს ეფუძნება: საფრთხის ანალიზი; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დადგენა; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა.
HACCP-ის სახელმძღვანელო (ნაწილი 1)
HACCP-ის სახელმძღვანელო (ნაწილი 2)