აზიური ფაროსანასგან საცხოვრებელი სახლების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მექანიკური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს
/ სააგენტოს სიახლე
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის რაოდენობა მაღალია, შეწამვლის სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მიმდინარეობს. თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით 660 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად, მწერი გამოზამთრების მიზნით, საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ეტაპობრივად იწყებს გადაადგილებას.
მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამჭერი ხაფანგების და მარტივი მეთოდების გამოყენებით, მოსახლეობის მიერ მექანიკური ღონისძიებების გატარება, რაც მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობას გაზრდის და აზიური ფაროსანას რაოდენობას შეამცირებს.
დღეს ერთი ფაროსანას განადგურება, მომავალ სეზონზე 200-ით ნაკლებ მავნებელს ნიშნავს.
მექანიკურ მეთოდებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო შტაბის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან რეგულარულ შეხვედრებს მართავენ.
2018 წელს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანა არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში კი, მისი რაოდენობა შემცირებულია.
სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში ფართობებზე, სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება და ჩატარდა შეწამვლის სამუშაოები, სიმინდის კარგი მოსავალია.
შარშანდელთან შედარებით, უკეთესი მოსავალი მიიღეს იმ მეთხილე ფერმერებმა, ვინც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარ ნარგავებში, მავნებლების და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ დროულად ჩაატარა აგროსამუშაოები.