საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

საქართველოში ვეტერინარი პარაპროფესიონალების სისტემის გაძლიერების საკითხებს მსოფლიო ექსპერტები განიხილავენ

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WOAH) და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  თბილისში, ვეტერინარი პარაპროფესიონალების (ვეტერინარი- ტექნიკოსი) საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ WOAH-ს ცენტრალური აზიის  რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მერეკე ტაიტუბაევი და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ  ვასილ ბასილაძემ, რომელიც ასევე   WOAH-ს დელეგატი და  ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალური მდივანია,  მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით  ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობა და ვეტერინარი-ტექნიკოსების   თანამედროვე მიდგომებით გადამზადება, რაც უმთავრესი წინაპირობაა ძლიერი ვეტერინარული სერვისების ჩამოყალიბებისთვის.   ,,საქართველო არის წამყვანი ქვეყანა რეგიონში. აქ ვხედავთ, წარმატების ისტორიას, სადაც დანერგილია ჩვენი სტანდარტები. ვეტერინარი პარაპროფესიონალების სისტემის შექმნა  არის მთავარი ელემენტი ყველა საჭირო ვეტერინარული ღონისძიების ხელმისაწვდომობისთვის, არა მხოლოდ ცხოველების დასაცავად, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვისაც“-აღნიშნა მერეკე ტაიტუბაევმა. მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს საქართველოში  არსებული ვეტერინარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლების სასწავლო გეგმა და WOAH-ს გაიდლაინებთან დაახლოების პერსპექტივა.    შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და  მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს. აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება (ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/events/783398272778728/?ref=newsfeed).    სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, თბილისში, მრგვალ ბაღში მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ცხოველის აცრა ცოფის საწინააღმდეგოდ და დაავადების პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. 1 ოქტომბერს (შაბათს) უფასო ვაქცინაცია ჩატარდება თბილისის კიდევ ორ უბანში -  ვარკეთილსა და დიდ დიღომში.  აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ წელს უკვე ვაქცინირებულია 250 ათასამდე ძაღლი და კატა. ასევე, პროფილაქტიკური  ვაქცინაცია უტარდებათ   ცხოველებს დაავადების  დაფიქსირების კერებშიც. გაზრდილი ვაქცინაციისა და ცნობიერების ამაღლების  შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. წელს, ცხოველებში მხოლოდ 19 შემთხვევა აღინიშნა და არცერთი ადამიანში. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე  2007 წლიდან, ყოველწლიურად, 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს. ცოფის დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ადამიანებში დაავადების სრულად აღმოფხვრა, რაც ერთიანი ძალებითა და კოორდინირებული მიდგომით არის შესაძლებელი.  ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2022 წლის გზავნილია - „ცოფისგან დაცული ცხოველი და ადამიანი - ნული საფრთხე სიცოცხლისთვის“.2015 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიცაა „ნული ცოფი 2030 წლისთვის“, რაც ძაღლისგან  ადამიანის ცოფით დაინფიცირების შემთხვევების სრულად აღმოიფხვრას გულისხმობს. 

იხილეთ სრულად

FAO-ს ექსპერტებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ფიტოსანიტარებისთვის სემინარი გამართეს

მცენარეული საფარის მავნებელ კალიასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ფიტოსანიტარებისთვის სემინარი გაიმართა, რომელსაც კანადიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები უძღვებოდნენ. ტექნიკური სემინარი ორ სესიად ჩატარდა და მოიცავდა მონაცემთა შეგროვების ავტომატური სისტემის (ASDC) და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალიების მართვის სისტემის (CCALM) გამოყენებას. აღნიშნული სისტემების დანერგვა ხელს შეუწყობს მავნებლის მონიტორინგის გაუმჯობესებას, ტერიტორიების ეფექტიან დამუშავებასა და პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირებას.აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. კალია სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მწვანე საფარს არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ 100 ათასი ჰა ფართობია დამუშავებული.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შედეგებისა და განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს  წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო კონტროლის შედეგების, სურსათის უვნებლობის თანამდროვე სტანდარტების დანერგვის,   ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში მისი როლის შესახებ ინფორმაცია გააცნო. „გამოწვევებთან ერთად პროპორციულად  იზრდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მასშტაბიც. მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა 16 ათასზე მეტი სახელმწიფო კონტროლი და 2 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია“- აღნიშნა  ვასილ ბასილაძემ.    სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს სურსათისმიერი საფრთხეების  რისკების განსაზღვრის    პროცედურები და პრევენციის საკითხები.  „სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და სურსათის ეროვნული სააგენტო წლებია აქტიურად  თანამშრომლობენ. ჩვენთან არის  აკადემიური ცოდნა ხოლო სააგენტოში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, საკანონმდებლო საქმიანობა, წესები, ინსპექტირება, მონიტორინგი და რაც მთავარია პრაქტიკულად ხორციელდება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“-განაცხადა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა  ზურაბ ცქიტიშვილმა.  შეხვედრას  აკადემიის დოქტორანტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

იხილეთ სრულად