გრეგ კრავჩუკი: „ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული“
/ აზიური ფაროსანა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ესწრებოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ გამოცდილებამ, რომელიც ქართველმა სპეციალისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი მეცნიერისგან მიიღეს, მავნებელთან ბრძოლის სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება განაპირობა. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს აზიური ფაროსანას რიცხოვნობა შემცირდა.
გრეგ კრავჩუკის შეფასებით, მავნებელთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული და დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 2-3 წელიწადში მავნებლის პოპულაცია რეგულირებადი გახდება. „აშშ-ის გამოცდილების გათვალისწინებით, თქვენ შექმენით საქართველოს რეალობაზე მორგებული მავნებელთან ბრძოლის სისტემა და სამოქმედო გეგმა - ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული პროგრამის ქართული ვერსია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსგან განსხვავებული ვითარებაა. ამერიკაში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებენ ფერმერები, საქართველოში კი სახელმწიფო ატარებს მასშტაბურ ღონისძიებებს და ებრძვის მავნებლის გავრცელების კერებს. ყველა მეთოდი, რომელიც გამოიყენება, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, შეწამვლითი ღონისძიებები, აგრეთვე მავნებლის ბუნებრივი მტრის ძიების პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ქართულ რეალობაზე მორგებული“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ქართველ და აშშ-ის სპეციალისტებს შორის გაგრძელდება. გრეგ კრავჩუკი საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის - USAID/GHIP მხარდაჭერით იმყოფება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი მონაწილეობას მიიღებს 5-6 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს შეეხება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.