პეპელა (ნარშავას ფრთაკუთხა) სასოფლო-სამეურნეო კულტურებს არ აზიანებს
/ სააგენტოს სიახლე
საქართველოში წელს შეინიშნება ფეხსახსრიანთა ტიპის მწერის ნარშავას ფრთაკუთხას (Vanessa cardui) პოპულაციის ზრდა, რაც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. აღნიშნული პეპელა გადამფრენი მწერია. იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პეპლის სახეობაა და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. ნარშავას ფრთაკუთხა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას.
გადაზამთრებული პეპლის ფრენა იწყება მაისის მე-2, მე-3 დეკადიდან (მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მაისის პირველი დეკადიდან). საქართველოში წელიწადში 2-3 თაობას იძლევა. ბოლო თაობის იმაგოს ფრენა გრძელდება ოქტომბრამდე.ხშირად თაობა თაობას ფარავს და ერთდროულად შეიძლება შეგვხვდეს მწერის სხვადასხვა სტადია. მისი ბუნებრივი მტრები არიან ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველა, მღრღნელები და სხვა.
პეპლის ზომა გაშლილი ფრთებით 5-7 სმ-ია. ფრთები ზემოდან ღია აგურისფერ-მოწითალოა შავი ლაქებით.
იგი გვხვდება ყველგან - მდელოზე, ველზე, უდაბნოში, ბაღში განსაკურებით უყვარს დიდი გაშლილი, მზიანი სივრცეები.
ზაფხულის ბოლოს მილიონობით ნარშავას ფრთაკუთხა გეზს აფრიკის კონტინენტისკენ იღებს. უმეტესწილად, ისინი 500 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავენ, რის გამოც მათი დანახვა ადამიანის თვალისთვის თითქმის შეუძლებელია. პეპლები ელოდებიან იმ დროს, როცა ქარი სასურველი მიმართულებით დაუბერავს. ქარის დახმარებით ისინი 45 კმ/სთ სიჩქარით ფრენენ. ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 კილომეტრს ფარავენ. გადაფრენას იწყებენ ჩრდილოეთი არქტიკის საზღვრებიდან და ასრულებენ დასავლეთ აფრიკაში. ნარშავას ფრთაკუთხა გზადაგზა მრავლდება და მთელ ცხოვრებას ფრენაში ატარებს.
პეპელა ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას და ადვილად იღუპება. მისი სასიცოცხლო ციკლი 2 თვეა.