ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საკითხებზე ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები მიმდინარეობს
/ სააგენტოს სიახლე
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაახლოებას ევროკავშირის (EU) კანონმდებლობასთან, რაც ასევე ეხება ეროვნულ კანონმდებლობას სურსათის უვნებლობისა და SPS სტანდარტების თაობაზე. ევროკავშირის 270 საკანონმდებლო აქტიდან 170 უკვე დაახლოებულია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის სფეროებში. თუმცა, სხვადასხვა პროფილის სურსათის ბიზნესოპერატორებს (FBOs) ხშირად აქვთ ცოდნის/ინფორმირებულობის ნაკლებობა კანონმდებლობის შესახებ.
აღნიშნული გამოწვევის გადასაჭრელად და მცდარი ინტერპრეტაციების შესამცირებლად, მიმდინარე პერიოდში, ევროკავშირი მხარს უჭერს ცნობიერების ამაღლების შეხვედრებს სურსათის ბიზნესოპერატორებთან, საქართველოს 7 რეგიონში. კამპანია ორგანიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოსა (სეს) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ ევროკავშირის პროექტის „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა - ENPARD IV“-ის ფარგლებში.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების შეხვედრების სერია შემუშავებული და გათვლილია 300-ზე მეტ ხორცის და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ/გადამამუშავებელ სურსათის ბიზნესოპერატორზე, კაფეებსა და ბარებზე. კამპანია 2023 წლის აპრილში დაიწყო და გაგრძელდება ამავე წლის ივლისამდე. სურსათის ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები, გაიმართება მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.
ევროკავშირის მხარდაჭერილი შეხვედრების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, სურსათის ბიზნესოპერატორები გაეცნობიან სურსათის უვნებლობის ახალ კანონმდებლობას და არსებულ გამოწვევებს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ევროკავშირში ექსპორტის მოთხოვნები წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტის სტიმულირებასთან დაკავშირებული წარმატების რამდენიმე ისტორიასთან ერთად. შეხვედრების მიმდინარეობისას ასევე განიხილება ხორცის ეტიკეტირების, გადამუშავებისა და შენახვის საკითხები.
ცნობიერების ამაღლების შეხვედრების სერიის შემდეგ, სეს-ს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი იქნება კამპანიის ინფორმაციული შეჯამება.
„ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში და მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ზურაშვილმა.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის განვითარებას ENPARD პროგრამის მეშვეობით. ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან სოფლის სიღარიბის შემცირების მიზნით. პროგრამა დაიწყო ეროვნული სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობით. შემდგომში ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოში სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე. 2023 წლიდან პროგრამა კიდევ უფრო დიდ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე. პროექტი „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, CzDA და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.