ცოფით ინფიცირების რისკებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
/ ვეტერინარია
„საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების რისკის შეფასების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
აღინიშნა, რომ ვეტერინარული რისკების შეფასების ინიცირების პროცედურების განხილვისას, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პრიორიტეტულად დაავადება ცოფით ინფიცირების რისკები მიიჩნია (ცოფი ცხოველებსა და ადამიანებში მწვავე მიმდინარეობით და 100%-იანი ლეტალობით ხასიათდება).
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რასაც სახელმწიფო ფერმერებს უსასყიდლოდ სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 70%-მდე შემცირდა, თუმცა, ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა მსოფლიოს გამოწვევაა და ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ინფიცირების და დაავადების პრევენციის საკითხები, იმსჯელეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) სამეცნიერო ანგარიშის (ევროკავშირში ცოფის მონიტორინგისა და ჰარმონიზებული სქემების შემუშავება) საფუძველზე მომზადდა და, დაავადებების სრულად აღმოფხვრის მიზნით, რეგიონულ დონეზე მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას გულისხმობს.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული და ჩართულ მხარეებთან შეჯერებული ვერსია, შემდგომი აღსრულებისათვის წარედგინება სურსათის ეროვნულ სააგენტოს; განისაზღვრა იმ უწყებების ჩამონათვალი , რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები.
2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ფარგლებში მიზნად დაისახეს, რომ 2030 წლისათვის მსოფლიოში ნულამდე იქნეს დაყვანილი ძაღლიდან ადამიანზე ცოფის ვირუსის გადაცემის შემთხვევები. საქართველოც უერთდება ამ გამოწვევას, შესაბამისად აღნიშნულ ეტაპზე მნიშვნელოვანია ცოფის რისკის შეფასება გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან და შემდგომ არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა.