სეს: თხილის დაავადებებისა და მავნებლების საწინააღმდეგოდ აგროსამუშაოები დროულად და ვადების დაცვით უნდა ჩატარდეს
/ აზიური ფაროსანა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამავდროულად თხილის კულტურის დასაცავად დასავლეთ საქართველოში ტარდება კომპლექსური სამუშაოები, რომელშიც მეთხილე ფერმერებიც არიან ჩართულნი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თხილის ნარგავებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საკარმიდამო ტერიტორიების დამუშავების პროცესში, რათა წელსაც ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღონ,“ -აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საუკეთესო შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ფერმერებმა წელსაც ჩაატარონ შეწამვლა აგროვადების დაცვით. „თხილის გადარჩენის პროგრამა, რომელსაც ასოციაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მესამე წელია ახორციელებს, წარმატებულია. შარშან 50 ათას ტონაზე მეტი თხილი იყო წარმოებული. წელსაც მოლოდინი ოპტიმისტურია და ამჯერად თხილის გადარჩენაზე კი არა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მოსავლის წარმოებაზე გვაქვს ამბიცია“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, აგროსამუშაოები თხილის სხვა დაავადებების და მავნებლების საწინააღმდეგოდ დროულად და ვადების დაცვით განახორციელონ (ფერმერის დღიური - https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/625).
„თხილის გადარჩენის პროგრამა“, რომელიც 2019 წელს თხილის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავეს, ითვალისწინებს კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას, სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და ფერმერთა ცოდნის ამაღლებას. ამ მიზნით, სახელმწიფომ ასოციაციას 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი გადასცა, სპეციალურად გამოყოფილი აგრო-კონსულტანტები ფერმერთა ჯგუფებში საკონსულტაციო სამუშაოებს ახორციელებენ.