სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

თურქული

რა არის თურქული?

თურქული ვირუსული ინფექციური მაღალკონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც  სწრაფად ვრცელდება და სპეციფიკური ჩარევის გარეშე შესაძლოა, მოიცვას დაავადების ამთვისებელ ცხოველთა სრული სულადობა

დაავადებას მეცხოველეობისათვის დიდი ეკონომიკური ზარალის მიყენება შეუძლია, საფრთხის ქვეშ დგება ქვეყნის ექსპორტ/იმპორტის პოტენციალი.

რომელი ცხოველები ავადდებიან თურქულით?

თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე  მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ავადობამ, შესაძლოა, 100%-მდე მიაღწიოს, მოზარდ ცხოველებში სიკვდილიანობა 20%-მდეა. 

რა საფრთხეს წარმოადგენს თურქული ადამიანისთვის? 

ადამიანი თურქულით არ ავადდება.

როგორ ვრცელდება დაავადება?

თურქულის ვირუსი შედარებით გამძლეა გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. დაავადება დაინფიცირებული ცხოველიდან ჯანმრთელს გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით (ჰაერწვეთოვანი გზით), ასევე დაბინძურებულ საგნებთან, საკვებთან და წყალთან შეხებისას. ცხოველები კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ვირუსს გარემოში გამოყოფენ ნერწყვის, ცხვირიდან გამონადენის, რძის, სპერმის, ფეკალიის, შარდის საშუალებით. გამოჯანმრთელებული ცხოველი ვირუსმატარებელი რჩება დიდი ხნის განმავლობაში, 

რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს თურქულს?

დაავადებულ ცხოველებს აღენიშნებათ ცხელება, მადის დაქვეითება, კოჭლობა, უხვი ნერწყვდენა. ტუჩებზე, ენაზე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ჩნდება წყლულები, რომლებიც ზოგჯერ ჩლიქებს შორის და  ცურზეც ვითარდება. რამდენიმე დღეში წყლულები სკდება და წარმოიქმნება ეროზიები. ეროზიები რამდენიმე დღეში ხორცდება, თუმცა, ხშირია მეორადი ინფექციებით გართულება, რაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს.

როგორ მოვიქცეთ თურქულზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?

შინაურ ცხოველში საეჭვო კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს სხვა ცხოველებისგან მისი იზოლირება და ვეტერინარული სამსახურის დაუყოვნებლივ ინფორმირება.


როგორ დგინდება დიაგნოზი?

ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის იგზავნება სისხლი, წყლულებიდან აღებული ანაფხეკი ან სითხე.

როგორ მკურნალობენ თურქულს?

სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ცხოველს უნდა შევუქმნათ კარგი მოვლა-შენახვის პირობები და თავიდან იქნას აცილებული მეორადი ინფექციების გართულებები. 

თურქულის პრევენცია და კონტროლი

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ;

ცხოველთა გადაადგილებაზე კონტროლი (გადარეკვის დროს გადასარეკ ტრასებზე მოწყობილ ბიოუსაფრთხოების პუნქტებზე ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა).


რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო თურქულის საწინააღმდეგოდ?

არსებული რისკების გათვალისწინებით (მოსაზღვრე ქვეყნებში თურქულის შემთხვევები, ცხოველების შენახვის მომთაბარე სისტემა, გადასარეკი ტრასები, ცხოველთა ბაზრობები) თურქულის ვაქცინაცია მასიურად ტარდება აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ა/რ ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოში (იმერეთის, გურიის, სამეგრელო ზ/სვ რეგიონები) ვაქცინაციას ექვემდებარება გადასარეკი პირუტყვი და აფხაზეთის ა/რ და სამაჩაბლოს მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობის საქონელი.

საქართველო წარმოადგენს თურქულის დაავადების კონტროლის ევროპული კომისიის (EuFMD) წევრ ქვეყანას, რომლის აქტიური მხარდაჭერით საქართველომ მიიღო თურქულის დაავადების პროგრესული კონტროლის გზის მესამე საფეხური (PCP Stage 3).

 

წყარო: https://www.woah.org/en/home/ეპიდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები - ჯემალ ბაბაკიშვილი, თამარ   ბაბაკიშვილი 2012