სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება


რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება?

ყირიმ-კონგოს (CCHF) ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება Hyalomma-ს სახეობის ტკიპების საშუალებით. ტკიპის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ყირიმ-კონგოს შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე და მათ აქტიურობას ხელს უწყობს თბილი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული. 

რომელი ცხოველები ავადდებიან ყირიმ-კონგოთი?

ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, თაგვები და სხვ.

რა საფრთხეს წარმოადგენს ყირიმ-კონგო ადამიანისთვის?

ადამიანი ავადდება დაავადებული ტკიპის კბენის შედეგად, დაინფიცირებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან შეხების და ყირიმ კონგოთი ინფიცირებულ  პაციენტებთან ახლო კონტაქტის დროს.

ინკუბაციური პერიოდი, ძირითადად, 2-9 დღეა, თუმცა, შესაძლებელია, ორ კვირამდეც გაგრძელდეს. დაავადებას ახასიათებს სწრაფი განვითარება, უეცარი შემცივნება, ტემპერატურის მატება 39-40°С–მდე, კუნთებისა და თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი). თუ პაციენტი დროულად არ იქნა ჰოსპიტალიზებული, შესაძლებელია შედეგი ლეტალურად დამთავრდეს.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ვეტერინარები, მწყემსები, მწველავები, სასაკლაოს მუშაკები და ყირიმ-კონგოთი დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალი. 

როგორ ვრცელდება ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება?

ცხოველები დაავადებული ტკიპის კბენის შედეგად ინფიცირდებიან. ვირემია გრძელდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 1-2 კვირის განმავლობაში. თუ ვირემიის პერიოდში დაავადებულ ცხოველს უკბენს ტკიპა, ის დაინფიცირდება, რაც ხელს უწყობს ციკლის ,,ტკიპა-ხერხემლიანი ცხოველი-ტკიპა’’ შენარჩუნებას. 

რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) ახასიათებს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას? 

ყირიმ-კონგოთი დაინფიცირებულ ცხოველს დაავადების კლინიკური ნიშნები გამოხატული არ აქვს, ცხოველი კლინიკურად ჯანმრთელია და მკურნალობას არ ექვემდებარება.

როგორ მოვიქცეთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?

დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დაგვიანებული მკურნალობა შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს!

როგორ ხდება ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზის დადგენა?

ყირიმ-კონგოს დიაგნოზის ლაბორატორიულად დასადასტურებლად ცხოველებიდან იღებენ სისხლის ნიმუშებს, ასევე სწავლობენ ტკიპებში ვირუსის არსებობას.

 

როგორ მკურნალობენ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას?

ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. ადამიანებში ადრეული მკურნალობა კეთილსაიმედოა.

როგორ ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პრევენცია და კონტროლი?

ყირიმ კონგოს ეპიდაფეთქების კონტროლის ძირითადი საშუალებაა ტრანსმისიული ჯაჭვის დარღვევა ტკიპასა და ხერხემლიან ცხოველს შორის.   კერძოდ:

  • ხშირად დაამუშავეთ ცხოველები და მათი სადგომები ინსექტოაკარიციდული (ტკიპების საწინააღმდეგო)  პრეპარატებით, მათი გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინებით;
  • მინდორში, ეზოებში, ტყეში საველე სამუშაოების, სეირნობის და ნადირობის დროს, მაღალი ბალახის საფარის არსებობის შემთხვევაში,  ატარეთ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
  • სახლში დაბრუნებისას შეამოწმეთ თქვენი სხეული და ტანსაცმელი ტკიპის არსებობაზე
  • ცხოველებს სხეულიდან ტკიპები მოაშორეთ ხელთათმანის და პინცეტის გამოყენებით, მოცილებისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე;
  • ცხოველების დაკვლის პროცესში გამოიყენეთ ხელთათმანი, წინსაფარი, სათვალე და ჩექმა;
  • მოერიდეთ ყირიმ კონგოთი დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს!

 

გახსოვდეთ, დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს!

რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო?

სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ ეპიდემიოლოგიურ კერებში ატარებს მსხვილფეხა საქონლის ინსექტოაკარიციდებით დამუშავებას. 

 

წყარო: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs208/en/   http://www.cfsph.iastate.edu/Factsheets/pdfs/crimean_congo_hemorrhagic_fever.pdf www.ncdc.ge