ცოფი
რა არის ცოფი?
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
რომელი ცხოველები ავადდებიან ცოფით?
ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა).
როგორ ვრცელდება ცოფი?
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.
რა საფრთხეს წარმოადგენს ცოფი ადამიანისთვის?
განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი (დადორბვლა, დაკაწვრა) თავისა და ნერვული დაბოლოებებით მდიდარ ადგილებში. თავის ტვინის დაზიანების შემდეგ დაავადების პროცესი შეუქცევადია და მკურნალობას აღარ ექვემდებარება, თუმცა, დაავადებულ ცხოველთან ექსპოზიციის შემდგომ ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.
რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ცოფს?
დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, აღენიშნება ნერწყვდენა, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება. ინფიცირებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს და ინკუბაციური პერიოდი გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან წლამდე (ყველაზე ხშირად 3-6 კვირა). დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდგომ 2-10 დღეა, ცხოველს დაავადების ბოლო სტადიაში უვითარდება კიდურების, საყლაპავის დამბლა და კვდება.
როგორ მოვიქცეთ ცოფზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
თუ თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარ ექიმს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
როგორ ხდება ცოფის დიაგნოზის დადგენა?
ცოფზე დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია დაცემული ცხოველის თავის ტვინის გამოკვლევა, რისთვისაც საჭიროა ლაბორატორიაში კვლევისათვის შეტანილი იქნას დაცემული ცხოველის თავი (პატარა ცხოველის შემთხვევაში) ან მთლიანი ლეში.
როგორ ხდება ცოფის მკურნალობა?
ცოფის საწინააღმდეგოდ სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, დაავადება არ იკურნება. როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში იძულებით/პროფილაქტიკური ჩარევის გარეშე შედეგი ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.
ცოფის პრევენცია და კონტროლი
• თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია;
• მოერიდეთ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს!
რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო ცოფის საწინააღმდეგოდ?
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ატარებს პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ. ჩატარებული ღონისძიებების შეფასებისათვის, ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტის დაჭიმულობის შესწავლის მიზნით, ვაქცინირებული ცხოველებიდან შერჩევით იღებენ სისხლის სინჯებს.
ცხოველებში ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში ინფექციის კერაში ხორციელდება დაავადების ამთვისებელი ყველა ცხოველის იძულებითი ვაქცინაცია, წესდება კარანტინი და ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები.
წყარო:
https://www.woah.org/en/home/
ეპიდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები - ჯემალ ბაბაკიშვილი, თამარ ბაბაკიშვილი 2012