სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 350 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 350 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული

/ სააგენტოს სიახლე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს ყველა იმ რეგიონში, სადაც დაავადების გამოვლენის  რისკი არსებობს.

ამ დროისათვის ვაქცინირებულია 350 000 მსხვილფეხა პირუტყვი.

ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა. მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამატებით, 300 000 დოზა ვაქცინის შესყიდვა გამარტივებული  შესყიდვის წესით განხორციელდება. დამატებითი ვაქცინის შესყიდვა მოსაზღვრე ქვეყნებსა და ქვეყნის შიგნით დღეისათვის არსებული  ეპიზოოტიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით.  მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით.
ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება!
დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ, მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით, რაც საკმაოდ ეფექტიანია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებთან, რადგან დროული პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა!

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ.

დაავადების კლინიკური ნიშნების, მკურნალობის და ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://nfa.gov.ge/uploads/other/4/4658.pdf