აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID -ის მისიის დირექტორი გაეცნო
/ სააგენტოს სიახლე
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახლადდანიშნული დირექტორი პიტერ ვიბლერი აბაშის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო.
სამეგრელოს რეგიონში ვიზიტისას მისიის ახალმა ხელმძღვანელმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო. მან ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის მნიშვნელობა მავნებელთან ბრძოლის სისტემის ჩამოყალიბებაში და განაცხადა, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო- სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი.
საქართველოს სასოფლო- სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2016 წლიდან ხორციელდება, REAP-ის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, რომელთა მონაწილეობითაც შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. მავნებლის ბიოლოგიის და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, უცხოელი და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით გაიმართა აგრეთვე რეგიონული კონფერენცია; შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; სწავლებები ჩაუტარდათ ადგილობრივ სპეციალისტებს; სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს, 2017 წელთან შედარებით, მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მასშტაბი შემცირდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აზიური ფაროსანას გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და კვლავ ძველ საზღვრებში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ფიქსირდება.