კახეთსა და ქვემო ქართლში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.
წამლობითი სამუშაოები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს და ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 1000 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით იწამლება.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.
„ბოლო წლებში სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადია. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის მიერ გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანება და, შესაბამისად, მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის ოდენობა“- განაცხადა სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.
კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კალიებისა და კუტკალიების წინააღმდეგ 2015 წელს დამუშავდა 33 427 ჰექტარი; 2016 წელს - 23 615 ჰექტარი; 2017 წელს -15 107.8 ჰექტარი.
მავნებლის იდენტიფიცირებისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგების მიხედვითაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებების არეალი. ყოველწლიურად ტარდება ასევე რეგიონული ტრანსსასაზღვრო კვლევები აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.
იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.