აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლებს
/ აზიური ფაროსანა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის და გარემოზე ზემოქმედების საკითხები განიხილეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა ზურაბ ლიპარტიამ და გიორგი იაკობაშვილმა სამოქალაქო სექტორს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც ტარდება, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების საკითხების შესწავლა და გათვალისწინება. „სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოზე ზემოქმედების შესწავლის და, ამავე დროს, კლიმატის ცვლილებების ფონზე არსებული გამოწვევების, რისკების შეფასებისა და პრევენციის მიმართულებით კოორდინირებულად იმუშავებს დარგის სპეციალისტებთან,“ - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევების საფუძველზე ვითარებას ადგილზე შეისწავლის.