სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს

2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს

/ სურსათის უვნებლობა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგების შეჯამება დაასრულა. გასული წლის განმავლობაში, მონიტორინგის ფარგლებში აღებული და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილია სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუში. გამოვლინდა 624 შეუსაბამობა და დარღვევების მაჩვენებელმა 12%  შეადგინა (2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო).    

კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალციუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.

რაც შეეხება დარღვევებს - ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა  ერთ ნიმუშში;  სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში, დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/474
https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/483). 

ადამიანის ჯანმრთელობისა და  რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის  მასშტაბები იზრდება; წლიური მონიტორინგის  პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად. 

2023 წლის მონიტორინგის შედეგები იხილეთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl