სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდება

/ აზიური ფაროსანა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, მისი ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას, მონიტორინგს და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას. 

განკარგულების პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით,  500 000 ლარს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებაში. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული მეცნიერები შეისწავლიან საქართველოში ფაროსანას ბიოლოგიისა და რიცხოვნობის დინამიკას. შემუშავდება მავნებელთან დაკავშირებული სხვა კვლევითი აქტივობები, მათ შორის: აზიური ფაროსანას ბიოანტაგონისტებისა და ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლა და სხვა.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა  გაიცემა გრანტის სახით ღია კონკურსის საფუძველზე და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების შედეგად შეირჩევა საუკეთესო ხარისხის კვლევითი პროექტები.   შედეგად, ქვეყანა მიიღებს მეტ გამოცდილებას და ფაქტობრივ მონაცემებს მავნებლის ბიოლოგიის, გადაადგილების მარშრუტების, რიცხოვნობის შესახებ, რაც აისახება სათანადო მონაცემთა ბაზებში და გამოყენებული იქნება მავნებელთან შემდგომი ბრძოლის ოპტიმიზაციისათვის.