აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას აზერბაიჯანი გაიზიარებს
/ აზიური ფაროსანა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების საკითხზე იმსჯელეს.
გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ, არსებული გამოწვევის დაძლევის მიზნით, ქართველი მცენარეთა დამცველები აქტიურად ითანამშრომლებენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან.
„ფაროსანასთან ბრძოლის ჩვენი მიდგომა სამაგალითოა ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენმა წარმომადგენლებმა იმის შესახებ, თუ საქართველომ მოკლე ვადებში როგორ შეძლო მავნებლის კონტროლის ქვეშ მოქცევა, არაერთი ქვეყნის ფერმერებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა. დღეს აღნიშნულ გამოწვევის წინაშეა აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, კოლეგებს საჭირო ინფორმაციას და ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ“, -აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
„ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანია, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებული ბრძოლის მეთოდებისა და იმ გამოცდილების გაცნობა, რაც საქართველომ ბოლო წლებში დააგროვა. ვიზიტის ფარგლებში, მივიღებთ შესაბამის ცოდნასა და ინფორმაციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მავნებელთან ბრძოლას უკავშირდება“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული მომსახურების სააგენტოს (ASA) უფროსმა მირზა ალიევმა.
მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის გაცნობის მიზნით, შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. დელეგაციის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარიული ლაბორატორია დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობის სისტემის გაცნობა და მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა.