სურსათის 2 ნიმუშში “სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავები გამოვლინდა
/ სურსათის უვნებლობა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათში “სუდანის”ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებელისა და წიწაკის 2 ნიმუშში “სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა:
- შპს „გემო“-„ტომატის საწებელი ცხარე“- აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების თარიღი: 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0.5ლ მინის ქილაში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9;
- წითელი წიწაკა - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Para Red, ი/მ შორენა კაპეტივაძე, მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 135, დეზერტირების ბაზარი, მესამე სართული, დახლზე მოვაჭრე. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შპს „გემო“-ს და ი.მ. „შორენა კაპეტივაძე“-ს აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.
საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.
“სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად.
სააგენტო, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს უკვე აღებული და გამოკვლეულია 60 ნიმუში.
2019 წელს სააგენტოს მიერ გამოკვლეული 10 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა წითელი წიწაკის 9 ნიმუშში;2020 წელს - 21 ნიმუშიდან აკრძალული საღებავები აღმოჩნდა 9 ნიმუშში;
2021 წელს გამოკვლეული 33 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა.
კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები წითელი წიწაკის იმპორტისას. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან.