სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შედეგებისა და განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო კონტროლის შედეგების, სურსათის უვნებლობის თანამდროვე სტანდარტების დანერგვის, ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში მისი როლის შესახებ ინფორმაცია გააცნო. „გამოწვევებთან ერთად პროპორციულად იზრდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მასშტაბიც. მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა 16 ათასზე მეტი სახელმწიფო კონტროლი და 2 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია“- აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს სურსათისმიერი საფრთხეების რისკების განსაზღვრის პროცედურები და პრევენციის საკითხები.
„სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და სურსათის ეროვნული სააგენტო წლებია აქტიურად თანამშრომლობენ. ჩვენთან არის აკადემიური ცოდნა ხოლო სააგენტოში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, საკანონმდებლო საქმიანობა, წესები, ინსპექტირება, მონიტორინგი და რაც მთავარია პრაქტიკულად ხორციელდება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“-განაცხადა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა.
შეხვედრას აკადემიის დოქტორანტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.