სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სოფლის პერიმეტრები მუშავდება

სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სოფლის პერიმეტრები მუშავდება

/ მცენარეთა დაცვა

დასავლეთ საქართველოში გრძელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამეგრელოს ჯგუფი ღონისძიებას  უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებს. სოფლის პერიმეტრები  თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. სპეციალისტები მუდმივ კოორდინაციაში არიან მეფუტკრე ფერმერებთან და, ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში 480 ჰა ტერიტორია დამუშავდა. მანამდე კი, ამავე სოფელში სიმინდის მასივები ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლა.

დღეისათვის სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში  მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებულია 20 191,75 ჰა სოფლის პერიმეტრი და 51 857,75 ჰა  სიმინდის მასივი და ჯაგნარი; 1398,25 ჰა ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით - 95 240 ჰა ფართობი.

გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნითა და წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც აქცენტი ,,მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაკეთდა. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსდა. 

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 6857 ფერომონიანი დამჭერი, მათ შორის, 5890 - დასავლეთ საქართველოში  და 967 - აღმოსავლეთ საქართველოში;  

დასავლეთ საქართველოში განთავსებულია ასევე  72 855 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის საპრევენციო ღონისძიებებს აქტიურად გააგრძელებს, რათა მავნებლის რაოდენობა შემცირდეს და მოსავლის აღების შემდგომ, საცხოვრებელი სახლებისკენ მათი მიგრაცია მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.