სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ოთარ შამუგია: სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება

ოთარ შამუგია: სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება

/ სააგენტოს სიახლე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლის გაზრდის მნიშვნელობაზე, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება ბიზნესოპერატორთა ცნობიერებაც. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს , როგორც ცხოველთა დაავადებების, აგრეთვე მცენარეთა მავნებლების გავრცელების თავიდან აცილებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების (თურქული, ჯილეხი, ცოფი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტი და ა.შ) საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) დადებითად შეაფასა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პროგრესი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლი, პრევენცია, ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, გლობალური დათბობის ფონზე შეინიშნება საკარანტინო მავნებლების პოპულაციების მკვეთრი მატება.

„პრობლემის დასაძლევად ყოველწლიურად ხორციელდება მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებიც ეხმარება ფერმერებს მოსავლის შენარჩუნებაში. ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფერმერებმა მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს, რამაც განაპირობა თხილის ექსპორტის ზრდა. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (24 ათასი ტონა), ექსპორტირებული თხილის უდიდესი ნაწილი გადის (69%) ევროკავშირის ბაზრებზე, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი და სხვა”,-აღნიშნა ოთარ შამუგიამ.