სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

/ აზიური ფაროსანა

გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საწარმოებში თხილის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„წელს, თხილის მოსავალი მაღალი ხარისხისაა და ჩვენი ამოცანა ამ სტანდარტის შენარჩუნებაა.  ვფიქრობ, ფერმერებთან ერთად, წლევანდელი მოსავლის ხარისხით და საექსპორტო მოცულობით ექსპორტიორი კომპანიებიც კმაყოფილი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. წლევანდელ სეზონზე საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 4 ათასი ტონა თხილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, 900 ტონით მეტია.  მიმდინარე წელს, თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს“, -  აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

დღეისათვის, გურიის რეგიონში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე აღებული და დაბინავებულია. თხილის გადამმუშავებელ საწარმოებში თხილის მიღება-გადამუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტის თხილის გადამმუშავებელი საწარმოს „გლობალ ექსპორტი“ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. საწარმო აერთიანებს წარმოების სრულ ციკლს, რაც თხილის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

ამჟამად, „გლობალ ექსპორტის“ საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წარმოების გაფართოებას შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით  გეგმავს.