კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო
/ აზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს კახეთის რეგიონში. 1300 ცალი სპეციალური დამჭერი ხაფანგი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება. მონიტორინგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის სისტემების განთავსების პროცესს დაესწრნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი. გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან.
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება, რასაც ხელს შეუწყობს მონიტორინგი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
„კახეთის რეგიონში მონიტორინგი გასულ წელსაც ჩატარდა. მავნებლის გავრცელებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა დაკვირვება გაგრძელდება წელსაც. სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული საჭიროების შემთხვევაში შესბამისი ღონისძიებები გაატაროს“- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელის მონიტორინგის პროცესში ყველა მუნიციპალიტეტი არის ჩართული და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად იმუშავებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტროინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ათასი დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც აისახება მონაცემები. 2018 წლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მასშტაბური მონიტორინგი წელსაც ჩატარდება.