სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ამერიკელი და ქართველი მეცნიერები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ

ამერიკელი და ქართველი მეცნიერები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ

/ აზიური ფაროსანა

თემაზე - „აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის გზები“ თბილისში მიმდინარეობს სამეცნიერო-სამუშაო შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები და ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ.

ონისძიება საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანიის TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით იმართება. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისთვის. მეცნიერებას წამყვანი როლი ენიჭება ამ მავნებლის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავებაში, დანერგვასა და განხორციელებაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. სამეცნიერო-სამუშაო შეხვედრაზე აშშ-ის წამყვანი მეცნიერები ქართველ კოლეგებს უახლეს მიღწევებს, კვლევების შედეგებსა და პერსპექტიულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. ქართველ მეცნიერებს კი საშუალება აქვთ, წარმოადგინონ მათ მიერვე განხორციელებული კვლევების შედეგები, სამომავლო ხედვები, გააღრმაონ სამეცნიერო კავშირები და ამერიკელ მეცნიერებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტები დაგეგმონ.

კონფერენციის ფარგლებში განიხილება მავნებლის ბიოლოგიის, საქართველოს ბიომრავალფეროვნების, მონიტორინგის თანამედროვე სისტემების, ბიოინსექტიციდების და პოპულაციის მართვის საკითხები. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები წარმოადგენენ ინფორმაციას 2016-2017 წლებში გატარებული ღონისძიებების და 2018 წლის სტრატეგიული ხედვის შესახებ, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები ბიოინსექტიციდების გამოცდის შედეგებზე ისაუბრებენ.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მეზობელი ქვეყნების სპეციალისტები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ)-ის ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ამერიკელ მეცნიერებთან ერთად შეხვედრას ესწრებიან საქართველოს სამეცნიერო წრეები - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.