სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

FAO-მ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საპილოტე პროგრამა დაიწყეს

FAO-მ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საპილოტე პროგრამა დაიწყეს

/ ვეტერინარია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის (NAITS) საპილოტე პროგრამა დაიწყეს. ამასთან დაკავშირებით, სააგენტოსა და FAO-ს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ვეტერინარებს ვეტერინარული ფორმების ჩასანაცვლებელი პორტატული ტაბლეტები და მათი გამოყენების პირობები გააცნეს. 

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარებს საშუალება ექნებათ, ცხოველისა და მისი მომვლელის შესახებ ინფორმაცია განახლებულ ბაზაში ელექტრონული პორტატული კომპიუტერებით  შეიყვანონ. 

FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად, თავდაპირველად შეირჩა კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი. სისტემის წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ქაღალდის  ვეტერინარული ფორმები პორტატული ტაბლეტებით ჩანაცვლდება, რაც მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს ინფორმაციის მიკვლევადობასა და ვეტერინარული მომსახურების ხარისხს, გამარტივდება ასევე ვეტერინართა შრომა.
საპილოტე პროგრამის მიზანია, გამოიკვეთოს სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ხარვეზი და მომდევნო ეტაპზე თავიდან იქნას აცილებული ყველა გაუმართაობა.

FAO-ს იდენტიფიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, საპილოტე პროგრამით შესაძლებელია როგორც განახლებული სისტემის, ასევე სამუშაო პროცესის მიმდინარეობის გატესტვა. 

„სისტემის გამართულობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ თვისობრივად ახალ, თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებულ ფერმერთა მომსახურების სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ გარემოს,“ - განაცხადა მიხეილ სოხაძემ. 
საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი შემოდგომაზეა დაგეგმილი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება პროგრამის მთელ ქვეყანაში დანერგვა. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის დანერგვა 2012 წელს დაიწყო, რომლის ახალ, გაუმჯობესებულ ეტაპზე გადასვლა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლიდან გახდა შესაძლებელი