რუსეთის მცენარეთა დამცველები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნენ
/ აზიური ფაროსანა
რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების და ვითარების გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარიული ლაბორატორია და აღმოსავლეთ საქართველოში მავნებლის მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს; დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში გაეცნენ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას, სადაც მავნებლის გავრცელების არეალსა და მონიტორინგის შედეგებს ონლაინ-რეჟიმში იღებენ, იგეგმება ღონისძიებები მუნიციპალიტეტების მიხედვით და მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა.
რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მავნებელთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება და ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება.
„მავნებელთან ბრძოლის პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. გაიმართა ფორუმი და არაერთი დისკუსია.