სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე წელს პირველად აღინიშნა

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე წელს პირველად აღინიშნა

/ სააგენტოს სიახლე

გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს დღე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, წელს პირველად აღინიშნება.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე პირველად აღინიშნა. წლევანდელი დევიზია - „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“. კონცეფცია „ფერმიდან-სუფრამდე“ მოიცავს მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ ცნობადობის ამაღლება სურსათის უვნებლობის კუთხით არის უმნიშვნელოვანესი, პირველ რიგში, ჯანმრთელობის დაცვის, ასევე მწარმოებლებისათვის კონკურენტუნარიანი, უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ერთობლივი მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს საკითხი თითოეულ ჩვენგანს გვეხება. ბევრის თქმა შეიძლება სახელმწიფოს როლსა და იმ პროგრესზე, რაც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს. საუკეთესო შედეგის მიღწევა შესაძლებელია გუნდური მუშაობით, სადაც სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია ყველა რგოლი“, - აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განვითარების ხელმძღვანელმა ვინსენ რეიმ.

აღნიშნული დღის დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის და იმ გამოწვევებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს. კვების უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. 
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაწესების მიმართულებით, დაინერგა ახალი რეგულაციები, მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის კუთხით გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. 
2019 წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ და ყურადღება გამახვილებულია „ფერმიდან-სუფრამდე“ ჯაჭვში ჩართულ ყველა რგოლზე. მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება სურსათში დაბინძურების რისკების აღმოჩენა, აღმოფხვრა და სრული კონტროლი. წელს ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზეა გამახვილებული: არ არსებობს კვების უსაფრთხოება უვნებელი სურსათის გარეშე; შევამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ უვნებელია; ვაწარმოოთ და შევინახოთ უვნებლად; სურსათის უვნებლობა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

„თბილისი მერიოტში“ გამართულ შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.