ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება
/ აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ცივი შესხურების ტექნოლოგიით ამუშავებს. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, რომლებიც მავნებლის მოსაზიდად არის დამონტაჟებული, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა.
მოზამთრეობის ფაზიდან გამოსული მავნებლის რიცხოვნობის დადგენის მიზნით, პირველ ეტაპზე ჩატარდა აზიური ფაროსანას მონიტორინგი. წამლობის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში 94 000 ჰექტრამდე ტერიტორია დამუშავდება; დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავსდება 50 000-მდე სპეციალური სადგური.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, აზიური ფაროსანა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებიდან გამოდის და ტყის პერიმეტრისკენ მიგრირებს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა იწყებს მცენარით კვებას და ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
ზიანის აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა, რაც გულისხმობს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის მექანიკური ღონისძიებებით განადგურებას და თხილის ბაღების მოვლას შესაბამისი ფენოკალენდარული სქემის (https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/1187) მიხედვით.
მექანიკური ღონისძიებები იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=UGuXVm0JQ1U