საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ
/ აზიური ფაროსანა
აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ხელმძღვანელები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარე საკითხებს გაეცნენ.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგოდ ახორციელებს. აღინიშნა, რომ ღონისძიებების დაგეგმვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციით მიმდინარეობს.
საუბარი შეეხო მცირემიწიან ფერმერთა თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამასაც, რომელსაც უკვე მეორე წელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერები პესტიციდების და მინერალური სასუქების შესაძენად დარიცხული აგროქულებით სარგებლობენ.
პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს სპეციალიზებული ტექნიკა და აღჭურვილობა, რომლებიც მავნებელთან ბრძოლისთვის გამოიყენება; მოისმინეს ინფორმაცია იმ პესტიციდების შესახებ, რომლებსაც მართვის ცენტრის სპეციალისტები ცივი შესხურებით წამლობებისა და თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებისას იყენებენ. ყურადღება გამახვილდა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლზე; აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები სახელმწიფო კონტროლს წელსაც აღიარების მქონე ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში განახორციელებენ და ლაბორატორიული კვლევისთვის 500-მდე ნიმუშს აიღებენ.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა დადებითად შეაფასა.
„მავნებელთან ბრძოლა 2018 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, ფაქტობრივად, ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმატებული საქმიანობის შედეგია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.