ოთარ შამუგიამ, 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულები გატარებული ღონისძიებები შეაჯამა
/ სააგენტოს სიახლე
ოთარ შამუგიამ, 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულები გატარებული ღონისძიებები შეაჯამა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები და ეფექტიანობა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50%-ით არის გაზრდილი განხორციელებული კონტროლის მასშტაბები ხოლო გამოვლენილი დარღვევების მაჩვენებელი ამავე პერიოდში 17-დან 12%-მდე არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით მდგომარეობა უმჯობესდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტის ყველა ეტაპი „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ მიმართულებით და საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001 აიღო, რაც ადასტურებს ხარისხის მართვის სისტემების მაღალ საფეხურს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და ფერმერებისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას, მათ შორის, ცხოველების უფასო ვაქცინაციას 7 სახის დაავადებაზე.
ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, მნიშვნელოვნად გავამკაცრეთ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი. 2023 წლის განმავლობაში შემოწმდა 600 ობიექტი, საიდანაც მხოლოდ 35 დარღვევა გამოვლინდა. მკაცრი კონტროლი გაგრძელდება 2024 წელსაც, რათა ფერმერები დავიცვათ უხარისხო პესტიციდების და აგროქიმიკატების გამოყენებისგან.
მინისტრმა სიტყვის გამოსვლის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2023 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მიიღო ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი. ლაბორატორია აგრძელებს მუშაობას კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს დროულ დიაგნოსტირებას და ხელს უწყობს ჯანსაღი პროდუქტების წარმოებას. მიმდინარე წელს დაგეგმილია 40-ზე მეტი ახალი კვლევის მეთოდის დანერგვა, მათ შორის 19 მეთოდი დაინერგება თევზის დაავადებების მიმართულებით.