დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა დაიწყო
/ აზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის. სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, იმ სოფლებში, სადაც ფაროსანას დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად, თერმული ნისლით წამლობა დაიწყო. სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკის ტერიტორია და გარე პერიმეტრი.
მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, აქტიურად ხორციელდება წერტილოვანი წამლობები წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე. ცივი შესხურების ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოში უკვე დამუშავებულია 4746.55 ჰა ფართობი.სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში სულ განთავსებულია 54 570 სპეციალური სადგური.
ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება; წამლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები; ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა ღამის საათებში მიმდინარეობს.
თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით წამლობები, კლიმატისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ფაროსანას გამოზამთრების ფაზის დადგომამდე გაგრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ფართობებში დროულად განახორციელოს აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა წელსაც უხვი და ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ.