სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება „ტექნიკური რეგლამენტი - „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“

2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება „ტექნიკური რეგლამენტი - „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“

/ სააგენტოს სიახლე

2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება „ტექნიკური რეგლამენტი - „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის  შესახებ“.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია  სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები,  რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდას და მისი უფლებები დაცვას.   

 

ახალი რეგულაციის მიხედვით:

იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი (მაგ: ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; შაქარი და სხვა.); 
განისაზღვრება  ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
 სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები და  არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი;
განისაზღვრება  მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითებასთან დაკავშირებით;
ეტიკეტზე არ უნდა იყოს  ინფორმაცია სურსათის ისეთი თვისებების  შესახებ, რაც  არ  ახასიათებს (მაგალითად: სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა და სხვა...)
 ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის  გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრება აღნიშნული ნივთიერებების  ეტიკეტზე   განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინგრედიენტი   გამოყოფილი უნდა იყოს   სხვა ჩამონათვალისაგან (მაგალითად, შრიფტის, ფონის, სტილით, ფერით;
განისაზღვრება  სურსათის ნეტოს - სუფთა წონის (სურსათის წონა შეფუთვის გარეშე) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება.
სურსათის შენახვის ვადის ნაცვლად შემოდის ტერმინები: ვარგისიანობის მინიმალური ვადა; „გამოიყენება  ---მდე“ ვადა,  სურსათის გაყინვის ან პირველადი გაყინვის თარიღი.
დაკონკრეტდება სურსათის დასახელებები კერძოდ: სურსათის ოფიციალური, ჩვეული და აღწერილობითი დასახელება.
 განისაზღვრება  მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
განისაზღვრება  მოთხოვნები სურსათის გარე შეფუთვის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს გამოსაჩენ (შესამჩნევ) ადგილზე, გარკვევით, უნდა იყოს მკაფიო, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა. ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას.
სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე  პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.
მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის წარდგენას რეკლამის საშულებით  ან ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით.
 მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება  სურსათის დისტანციურ რეალიზაციას. 
 

ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აღნიშნული  ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: (საქართველოს მთავრობის დადგენილება №301) http://nfa.gov.ge/ge/kanonmdebloba/mtavrobis-dadgenilebebi/mtavrobis-dadgenilebebi-da-gankargulebebi-sursatis-sferoshi

 

ახალი რეგულაცია მომზადებულია  ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში  გათვალისწინებული ვალდებულებით და შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (გამოყენებულია ევროკომისიის  რეგულაციები და დირექტივები: N1169/2011, N1333/2008,1332/2008, 1334/2008, 2006/114, 2913/92, 2002/46, 2009/39).