სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2  სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და   აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით  ჯილეხი დადასტურდა. შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების  სავალდებულო ვაქცინაციაც.   ამ დროისთვის, 700 ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და  ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის  დაკვლა და ხორცის გამოყენება,  ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია.  2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის  პროფილაქტიკური ვაქცინაციის  ფარგლებში უკვე აცრილია 305 844 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი. სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციის და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული. ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.   დამატებითი ინფორმაცია ჯილეხის შესახებ: https://nfa.gov.ge/Ge/AnimalDiseases/Details/2

იხილეთ სრულად

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები მიმდინარეობს

მავნებლის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს  მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინაღმდეგო სპეციალური სადგურების („მოიზიდე და გაანადგურე“) განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფები, ფუტკრის დაცვის მიზნით,  სადგურებს     მხოლოდ არაყვავილოვან (რომელზეც ფუტკარი არ მიდის) მცენარეებზე ამონტაჟებენ. სამუშაოების დაწყებამდე, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება გზავნილების სისტემის მეშვეობით ხდება.  აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატების და მავნებლის გავრცელების შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმება ტყის მასივების და ჯაგნარების წამლობის კომპლექსური ღონისძიებები; სოფლის ტერიტორიები კი ეგრეთ წოდებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.

იხილეთ სრულად

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს მონიტორინგის შედეგები გააცნეს

აზიური ფაროსანასთან  ბრძოლის   მართვის ცენტრის სპეციალისტებმა  დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს.  შეხვედრების ფარგლებში,  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ მავნებლის გავრცელების მონიტორინგის შედეგებს და   ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.  მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის,  მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ფერმერების მუდმივი ჩართულობა, რაც, ამ ეტაპზე, თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად ჩატარებას გულისხმობს. 

იხილეთ სრულად

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5508 მსხვილფეხა საქონელია დამუშავებული დაავადება ყირიმ-კონგოს პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო,  ყირიმ-კონგოს დაავადების მართვის მიზნით, ადგილებზე, სადაც ადამიანის ინფიცირების შემთხვევები აღინიშნა, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.  ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება. შესაბამისად,  სააგენტოს  სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები, დაავადების კერებში, სოფლის მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა საქონელს   შესაბამისი პრეპარატებით (ინსექტოაკარიციდებით)   ამუშავებენ.  ამ დროისთვის დამუშავებულია 5508 პირუტყვი.  პარალელურ რეჟიმში, დაავადების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიას ატარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები დაამუშაონ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად; მინდორში მუშაობის დროს, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების სიმპტომების  გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ყირიმ-კონგოს ცხელება ვირუსული,   ზოონოზური, დაავადებაა, რომელის ძირითადი გადამტანი   Hyalomma სახეობის ტკიპაა. ვირუსი აინფიცირებს მრავალი სახეობის ცხოველს და ზოგიერთი სახეობის ფრინველს.  ადამიანი ტკიპის კბენის შედეგად ავადდება. ცხოველებსა და ფრინველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. სურსათის ეროვნული სააგენტო, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის  ფარგლებში, ყირიმ კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში 2014 წლიდან ახორციელებს მსხვილფეხა საქონლის დამუშავებას. გარდა ამისა, ექტოპარაზიტების კონტროლის მიზნით,  სააგენტოს მიერ, კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში განთავსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხორციელდება მიგრაციული ცხოველების დამუშავება ინსექტოაკარიციდებით.

იხილეთ სრულად

სიახლეები