2024 წელს გამოკვლეული თაფლის 100 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 5-ში გამოვლინდა
/ სურსათის უვნებლობა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებელი ნარჩენების კვლევის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლია. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ანტიბიოტიკების ნარჩენები (მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი) გამოვლინდა თაფლის 5 ნიმუშში.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ ბაზრიდან ამოღება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ სურსათის და ვეტერინარიის მიმართულებით გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის, ბიზნესოპერატორებთან თანამშრომლობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, თაფლში დარღვევები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუკი 2017-2018 წლებში, 100 ნიმუშიდან შეუსაბამობა 50 პროცენტში აღინიშნებოდა, 2019 წლიდან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში წარმოებული თაფლი ევროკავშირისა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
ბოლო წლებში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ქართული თაფლის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებენ. 2015 წელს დამტკიცდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და განისაზღვრა აკრძალული პრეპარატების (ანტიბიოტიკების) ნუსხა; დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებელი ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა; გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები და დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია; 2016 წელს ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაუშვა.