სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვეტერინარიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მართვის ხარისხის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორგანომ „URS” (UNITED REGISTAR OF SYSTEMS), სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად, მართვის ხარისხის სისტემის ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი მიანიჭა.
მართვის ხარისხის სერთიფიკატის მინიჭება, ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს მართვის ხარისხის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ისეთი სისტემების ფუნქციონირებას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ვეტერინარული ზედამხედველობის სტანდარტებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტის, მართვის ხარისხის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 2023 წლის ნოემბრიდან აქვს მინიჭებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიმართულებითაც.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“, თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.