სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება
/ აზიური ფაროსანა
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება.
აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით, მავნებელი პოპულაციის ფაზაშია და ამ ეტაპზე, სააგენტოს ღონისძიებების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ფერმერების მიერ საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების რეკომენდებული სქემებით დამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურებით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს.