სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აბაშის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ შედეგები შეაჯამეს

აბაშის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ შედეგები შეაჯამეს

/ მცენარეთა დაცვა

აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ შედეგების შეაჯამეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

პროექტი  „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ((IPM), რომელიც კალიფორნიის ფრესნოს უნივერსიტეტში შემუშავებული მეთოდოლოგიის გაზიარებას ეფუძნება. აღნიშნული სისტემა  ფერმერებს ეხმარება, მოახდინონ  მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ოპტიმიზაცია, რაც ხელს უწყობს გარემოზე პესტიციდური დატვირთვის შემცირებას. პროექტის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა მცენარეთა საშიში მავნებლების იდენტიფიცირება და ინვაზიის დროულად აღკვეთა. პროექტის ფარგლებში, სწავლებები ჩატარდა სააგენტოს სპეციალისტებისთვის.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით.

,,აღნიშნულმა  პროექტმა  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მცენარეთა დაცვის სისტემის  შესაძლებლობებისა და მიკვლევადობის გაუმჯობესებაში, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი გარემოებაა  ექსპორტის განვითარებისთვის. მადლობას ვუხდი  USAID-ის წარმომადგენლობას და ამერიკელ ხალხს. მცენარეთა დაცვის მიმართულების გაძლიერება არის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პირობა და  საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გაზრდილი შესაძლებლობა", - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

„დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ შესანიშნავ თანამშრომლობას, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვაკავშირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან,  სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. ფიტოსანიტარიული სტანდარტებისა და სისტემების დანერგვა დაეხმარება ქართველ ფერმერებს, რომ მათი საქმე კიდევ უფრო მაღალშემოსავლიანი გახდეს და გზა გაიკვალონ ევროპულ და გლობალურ ბაზარზე", - განაცხადა ჯონ პენელმა.

გიორგი ხანიშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საკოორდინაციო მართვის ცენტრში არსებული ტექნიკა დაათვალიერა და მონიტორინგის ელექტრონულ  სისტემას გაეცნო.