დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
/ აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ. პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.
ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება წამლობითი ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტიური და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება.