პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხი მაქსიმალურად კონტროლდება
/ მცენარეთა დაცვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორებს, საბითუმო და საცალო სარეალიზაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სპეციალიზებული ობიექტების მიერ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამები, მათ შორის, „თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამა“, რომელთა განხორციელებაშიც დიდ წილი სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების ეფექტიანად გამოყენებაზე მოდის.
„თხილის სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს. მიმდინარე წელს, ახალი პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომელიც მეთხილე ფერმერებისთვის ჰექტარზე 500 ლარის გამოყოფას გულისხმობს და სრულად თხილის მოვლის საშუალებებზე უნდა დაიხარჯოს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი პესტიციდებით და სასუქებით“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზატორი ის ობიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს და აქვთ მინიჭებული სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება.
„სააგენტო მაქსიმალურად აკონტროლებს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების იმპორტიორებთან და მოვაჭრეებთან სურსათის ეროვნული სააგენტო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.