სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სამცხე-ჯავახეთში ცხვრის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სამცხე-ჯავახეთში ცხვრის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. დაგეგმილია 40 ათასი ცხვრის აცრა.

ცხვრისა და თხის ყვავილის შემთხვევა საქართველოში 1997 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, თუმცა, ბოლო წლებში (მათ შორის 2022 წელს) გამოვლინდა მეზობელ რეგიონებში, რაც ზრდის ქვეყანაში დაავადების შემოჭრა-გავრცელების რისკს.

აღნიშნული რისკების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს ვეტერინარები პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ატარებენ.

საქართველოში ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 2014 წლიდან მიმდინარეობს.

 

ცხვრისა და თხის ყვავილი (Sheep and Goat Pox) - ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება პაპულოზურ-პუსტულოზური გამონაყარით კანსა და ლორწოვან გარსებზე.  ავადდება თითქმის ყველა ჯიშის ცხვარი და თხა. დაავადება უფრო მძიმე ფორმით ვლინდება ნაზმატყლიანი ჯიშის ცხვრებსა და ბატკნებში.

ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა ავადმყოფი და ვირუსმატარებელი ცხოველი.

დაავადება მეცხვარეობაში იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს, რაც გამოიხატება წვრილფეხა ცხოველების სიკვდილიანობით ყველა ასაკობრივ კატეგორიაში (განსაკუთრებით მოზარდში), ცხოველების პროდუქტიულობის დაკარგვით (რძე, ხორცი, მატყლი, ტყავი).