HACCP-ის სტანდარტის გაცნობის მიზნით, პროფილურ ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები გრძელდება
/ სურსათის უვნებლობა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გრძელდება შეხვედრები იმ ბიზნესოპერატორებთან, რომელთათვისაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვა, 2023 წლის 1 ივნისიდან, სავალდებულო ხდება.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან, ასევე აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებთან და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ აღნიშნული სტანდარტის შესახებ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესოპერატორებმა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს და გამოთქვეს მზაობა წარმოებებში HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.
ახალი მოთხოვნებისა და სტანდარტების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, აქტიურად გააგრძელებენ.
HACCP-ის სისტემის დანერგვა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს. საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ხდება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP).
სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას.
2023 წლის 1 ივნისამდე, სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს.