სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით წამლობა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით წამლობა დაიწყო

/ აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმული ნისლით წამლობა დაიწყეს. პროცესს თვალს ადევნებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა შალამბერიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დამუშავდა სოფელ ორსანტიის ტერიტორია. 

თერმული ნისლით წამლობა მონიტორინგის საფუძველზე იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება. 

სოფელ ორსანტიაში მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებას სპეციალური აღჭურვილობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში თერმული ნისლით უკვე დამუშავდა 900 ჰა ტერიტორია.

მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს“-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას  24 საათით ადრე აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე „parosana.ge” და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია. 

ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან  კოორდინირებულად  და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით, გარკვეული ეტაპის შემდეგ თერმული ნისლით წამლობასთან ერთად,  აქტიურად დაიწყება სიმინდის მასივების დამუშავება ცივი შესხურებით.