საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნა

7 ივნისს  სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნა

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობითა და „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) პროექტის ორგანიზებით, თბილისში მზიურის პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.  

ღონისძიებას დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა სასურსათო ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში. ,,უვნებელი სურსათის წარმოება, ეს არის ზრუნვა ჩვენს მომავალზე. თითოეული მეწარმე  ვალდებულია, უზრუნველყოს უვნებელი პროდუქტის წარმოება. საზოგადოებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია,’’ - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია რისკების პრევენცია და მართვა. „სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში ყველა ჩვენგანს თავისი როლი აკისრია, იქნება ეს მწარმოებელი, გადამამუშავებელი თუ მომხმარებელი. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ საკვებისმიერი ინტოქსიკაციის საფრთხეები და გავზარდოთ წარმოება,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2018 წელს დაარსა.  მისი მიზანია საზოგადოებისა და სასურსათო ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის ცნობიერების ამაღლება,  საკვებისმიერი რისკების გამოვლენის და მართვის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს როგორც  მოსახლეობის  ჯანმრთელობის დაცვას, ასევე სოფლის მეურნეობაში წარმოების ზრდასა  და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  

2022 წლის გზავნილია უვნებელი სურსათი ჯანმრთელობის საწინადარია!