სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

„ფაქტები შიშის ნაცვლად“ - 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

„ფაქტები შიშის ნაცვლად“ -  28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

/ ვეტერინარია

ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით  დაწესებულ, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საქართველო წელსაც შეუერთდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  შინაური და  მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან  გაიმართა. 

“COVID-19”-ის პანდემიის ფონზე,  2021 წლის მთავარი გზავნილია  „ფაქტები - შიშის ნაცვლად“ და ძირითადი აქცენტი ცნობიერების ამაღლებასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კეთდება. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 300 000-მდე ცხოველს ცრის, როგორც პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში, ასევე ინფექციის დაფიქსირების კერაში, იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ დაავადების ამთვისებელ ცხოველებს. წელს უკვე ვაქცინირებულია 220 000  ცხოველი. 

გაზრდილი ვაქცინაციისა და ცნობიერების ამაღლების  შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაავადების გამოვლენის შემთხვევები  შემცირებულია 40 %-ით.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბლვა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება. სწორედ ამიტომ, შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.  

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა.