ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს
/ აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო სააგენტოს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას უსასყიდლოდ გადმოსცემს. საუბარია შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები გაუწევენ. საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.
კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურმა და სავაჭრო კონსულმა უან ლიანპომ.
აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე შემოვა.