საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას და მონიტორინგს შემდეგ დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ცხვრის და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ნოდულარული დერმატიტი, ბრუცელოზი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ მუშავდება პირუტყვი და მათი სადგომები. პარალელურად, მიმდინარეობს ბრუცელოზის, თურქულის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის და ცოფის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა), ტუბერკულოზზე კვლევა დაავადების თავიდან აცილების მიზნით. 

ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი, სადაც უსასყიდლოდ ხდება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის დამუშავება ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ.

შინაურ ბინადარ ცხოველებში ცოფის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ყოველწლიურად იცრება 300 000 სულამდე ძაღლი და კატა.

სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ბოლო წლებში ცოფის გამოვლინება ცხოველებში 63 %-ით არის შემცირებული, რაც ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც ასახა შეფასებებში ( https://rr-europe.oie.int/.../rabies-control-in-georgia/... ) გასულ წელს, წინასწარი მონაცემებით, ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 277 456 სული ძაღლი და კატა, ხოლო ინფექციის კერებში იძულებით აიცრა 10 180 სული ამთვისებელი ცხოველი.

საქართველო, როგორც ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) წევრი ქვეყანა, აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან დაავადებების გავრცელებისა და ახალი შტამების გამოვლენის საკითხებში. სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების რეკომენდაციებით, რის შედეგადაც ქვეყანაში შენარჩუნებულია სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა, კერძოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული სხვადასხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლინების მაჩვენებელი ცხოველებში და, შესაბამისად, ადამიანებშიც.

#ვეტერინარია
#OIE