ფაროსანას ბუნებრივ მტერს- იაპონურ ქინქლას ბუნებრივ გარემოში გამოცდიან
/ აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის – იაპონური ქინქლას (Trissolcus japonicus) – საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს. 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. სპეციალისტები მწერის გავრცელებასა და მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან.
„საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო უპრეცედენტოდ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მსგავსად, აქტიურად ვმუშაობთ ბიოლოგიური კონტროლის მეთოდების განვითარებაზე. იაპონური ქინქლა ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ აგენტად მიიჩნევა, თუმცა მისი ეფექტიანობისა და ფაროსანას პოპულაციის მართვის შესაძლებლობის შეფასება გრძელვადიან დაკვირვებას საჭიროებს. ამ პროცესს დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სწავლობს,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
იაპონური ქინქლა სპეციალისტებმა საქართველოში პირველად 2023 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს. მოგვიანებით მისი არსებობა ტურინის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც დაადასტურეს. ამის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიაში შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა შვეიცარიელ, იტალიელ და თურქ მეცნიერებთან, ხოლო ლაბორატორიულ პირობებში განხორციელდა იაპონური ქინქლას გამრავლება და მისი ფიტოსანიტარიული რისკების შეფასება.
ქართველი მეცნიერების კვლევებმა, ისევე როგორც საერთაშორისო გამოცდილებამ, აჩვენა, რომ იაპონური ქინქლა უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო მწერებზე. დაახლოებით ერთი მილიმეტრის ზომის პარაზიტული მწერი კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხებში დებს, რის შედეგადაც მავნებლის ახალი თაობა აღარ ვითარდება.
სწორედ ამიტომ იაპონური ქინქლა დღეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის ერთ-ერთ პერსპექტიულ საშუალებად მიიჩნევა. მისი ბუნებრივ გარემოში გაშვება და ეფექტიანობის შეფასება უკვე მიმდინარეობს შვეიცარიაში, იტალიაში, აშშ-სა და თურქეთში.